Tuesday, June 9, 2026

14.11.2025 პარასკევი



    პარასკევი დღეა, ახალ ფილმს ვასრულებთ, რომელსაც „ კლასის წინ“ ჰქვია. ფილმი ერთ ბავშვზეა, რომელსაც ტურეტის სინდრომი აქვს. ეს დაავადება გაიძულებს უცნაური ბგერები გამოსცე, კონტროლიც შეუძლებელია, განსაკუთრებით სტრესისა და უხერხული სიტუაციების დროს. ბავშვი დიდი პრობლემის წინაშე დგას, ძალიან განიცდის, დასცინიან, ხანდახან გაკვეთილებიდანაც კი უშვებენ, ადამიანები ვერ უგებენ, ამ დაავადებაზეც ბევრი არც არაფერი იციან. ბიჭის ცხოვრებას დედა და ახალი სკოლის დირექტორი ცვლის. მათ ისეთი მიიღეს ბიჭუნა, როგორიც არის. დირექტორმა ბიჭი გაამხნევა, მხარი დაუჭირა და გამბედავი გახადა. დირექტორმა სცენიდან ასაუბრა და აუდიტორიას გააგებინა, რომ ეს მისი ბრალი არაა, ბავშვებმა გაიგეს და ტაშით დააჯილდოვეს. მათი დამოკიდებულებებიც შეიცვალა. 

      ბიჭს ოცნებაც აუხდება, ის მასწავლებელი გახდება. ბავშვებს დაანახებს, რომ შეუძლებელი არაფერია, ტურეტის სინდრომზე შეკითხვებს იუმორითაც პასუხობს. ეს ფილმი ძალიან მომეწონა და ტოლერანტობა მასწავლა. 

   

 




დღიურის ჩანაწერი                    

მარიამ შენგელია 

უცნაური ამბების თხზვა

 უცნაური ამბების თხზვა მინიშნებებis (მზარეული, მატყუარა, მოჩვენებათა კარნავალი ) მიხედვით 


         ლუკა შესანიშნავი მზარეული იყო, მაგრამ ძალიან მატყუარა. ზოგადად  ტყუილი არ არის კარგი, მაგრამ მის ნათქვამებზე ხშირად ეცინებოდათ, ზოგჯერ ვერც უგებდნენ, მის ტყუილებს მაინც  უწყინარი ეთქმოდა. ერთ საღამოს უცნაური წერილი მიიღო. წერილში ეწერა: მოჩვენებათა კარნავალში სტუმრად ხართ მიწვეული. გაუკვირდა, შეცბა, შეეშინდა კიდევაც, მაგრამ ბოლოს ცნობისმოყვარეობამ სძლია და მაინც წავიდა.  კარნავალი ბურუსით იყო მოცული, უცნაური და მაგიური ნივთები დაფრინავდნე, ხანაც ფორმას იცვლიდნენ ჰაერში. ყველაფერი საოცარი იყო. ლუკამ გადაწყვიტა თავისი ტყუილების ბედი ამ კარნავალზე ეცადე. მოჩვენებებს უგემრიელესი კერძები მოუმზადა, ინგრენდიენტებად კი სწორედ ტყუილები ჩაამატა. მოჩვენებები ახარხარდნენ, აცეკვდნენ. ლუკა მიხვდა, რომ აქ კარნავალზე ტყუილები სასიამოვნოა და ყველას გახარება შეუძლია. გაერთო ისე, როგორც არასდროს, რეალურ სამყაროში დაბრუნებაც კი დაავიწყდა. 


                                                                                                                     




  

   

ფანტასტიკული ამბავი

მარიტა კეკუტია 

უცნაური სიზამარი


        დილით ადრე გავიღვიძე, ავდექი, მოვწესრიგდი და ჩაცმა დავიწყე. უცებ შევცბი, ფანჯარა გაიღო და ქარმა  მიჩურჩულა: თბილად ჩაიცვი, გაცივდებიო. მეგონა მომეჩვენა. ჩავიცვი ჯინსები და მასური, კეპი დავიხურე და პალტოც მოვიცვი. გავედი სასეირნოდ, დამახველა, მერე დამაცემინა, მართლაც ციოდა. გავიფიქრე ის ხმა მართალი ყოფილა, მაგრამ ყურადღება არ მივაქციე ჩემს ფიქრებს და გზა გავაგრძელე. რამდენიმე წუთში ვიგრძენი, რომ რაღაც შემეხო, წინ ქარი ჩამომიდგა. 

-შენ ვინა ხარ? ან საიდან მოსულხარ? 

- აქამდე ვერ მამჩნევდი? გახსოვს დილით რაღაც ჩაგჩურჩულე.

-თუ შეიძლება გაიწიე, მალე უნდა მივბრუნდე, ვიყინები. 

- გინდა დაგეხმარო, იქნებ შევძლო და მზეს ვთხოვო შენი გათბობა. 

ამის თქმა და მზის ამობრწყინება ერთი იყო, ქარი ნიავად ქცეულიყო, ნაზი ხმით დამემშვიდობა და სახეზე მომიცაცუნა. მოკლედ უცნაური დღე იყო...

ვიღაც მაჯანჯღარებს. ალექსანდრააა გაიღვიძე. 

ფანჯრიდან ამწვანებულ მდელოს ვხედავ და ჩიტების ჟღურტული მესმის, მზე მიღიმის და თვალებში მიჭყიტინებს. რა კარგია ასეთი სიზმრები...




                                                                                                       


ჩანახატი

ალექსანდრა ლონდარიძე 

ამბის თხზვა

 ამბის თხზვა მინიშნებების ( მონადირე, ბრაზიანი, მცენარეები ალაპარაკდნენ) გამოყენებით.



      პატარა უღიმღამო სოფელში ცხოვრობდა  მონადირე, სახელად ბასილი. ბასილი ღმერთს ეთაყვენობოდა, ღვთისმოშიში იყო,  სახლში ხატები და ჯვრები დაებრძანებინა, ბევრსაც  ლოცულობდა, მაგრამ ერთი უარყოფითი თვისება ჰქონდა, მალე ბრაზდებოდა. როცა გაცხარდებოდა, სანადიროდ მიდიოდა, ბალახებსა და ყვავილებს თელავდა, ხეებსაც კი ესროდა ტყვიებს. ერთხელაც სანადიროდ წავიდა, ის იყო შვლის ნუკრისთვის უნდა ესროლა, ხელიც წაიღო თოფისკე  უცნაურმა ხმამ რომ  შეაჩერა.   

    -ნუ იზამ ამას, ჩემო შვილო. 

     ბასილი მოულოდნელად თეთრ ბურუსში გაეხვია. 

    ის ბრაზობდა და იღრინებოდა, ვინა ხარ? გამოჩნდი, რატომ მომიყვანე აქ, ახლავე დამაბრუნე. 

     მიხედ-მოიხედა, ბებერი, ჯმუხი, ტანდაკოჟრილი და ფოთლებშეთხელებული მუხის წინ იდგა. ის არც ჩრდილს იფენდა და არც რკოს ისხამდა. ისევ გაისმა ხმა, მუხამ ამოიოხრა და თქვა: ნუთუ არ გეცოდება საბრალო ცხოველები და მცენარეები, სიბრაზის გამო სიცოცხლეს რომ ასალმებ და თელავ ფეხქვეშ. შენ ქრისტიანი და კეთილი კაცი ხარ, არ გეკადრება. 

ბალახებიც აჩურჩულდნენ. 

  • არ დაგვადგა ფეხი, გვტკივა. 

      ბასილის თვალებში დაუბნელდა, წამიერად სახლში გაჩნდა. საწოლში მოიკუნტა მერე ხატებს შეხედა ფიქრიანი თვალებით და თქვა: ისე ეს მუხა მართალია...



          ამბავი

          ნატალია კობიაშვილი 

ქეთოს პოზიციიდან შექმნილი დღიურის ჩანაწერი.

   ქეთოს პოზიციიდან შექმნილი დღიურის ჩანაწერი.


      1874 წელი, სამშაბათი. 

      უცხო მხარეში, არ ვიცი სად ვარ. 

      უცხო მხარეში აღმოვჩნდი, ბაჯაჯგუნა ლეკებმა მომიტაცეს, ჩამსვეს ტომარაში და ზურგზე მომიკიდეს. ძალიან მეშინოდა, არ ვიცოდი რა ხდებოდა, ვინ იყვნენ, სად მივყავდით, რა უნდოდათ. ძალიან შეშინებული ვიყავი, დაღლილი და მშიერი. 

      რამდენიმე საათის შემდეგ, ზუსტად არ ვიცი ტომარა გახსნეს. უცნობი ადამიანები დავინახე, ადგილიც უცხო იყო. მათი ნათქვამი არ მესმოდა, მაგრამ ვგრძნობდი, რომ კეთილები იყვნენ, კარგად მექცეოდნენ, არ უნდოდათ ჩემი სიკვდილი. თავიდან ძალიან გამიჭირდა, ჩემი მშობლები, კახეთი, მეგობრები, ძიძა მენატრებოდა, მაგრამ ნელ-ნელა ყველაფერი დამავიწყდა, ბოლოდ დედაჩემის ხმაც. 


 




               დღიურის ჩანაწერი 

               გაბრიელ ჯალაღონია 




       

ახალი სკოლა.

 პერსონაჟის პოზიციიდან შექმნილი დღიურის ჩანაწერი (თათა ჭანტურიასა და ლელა ქისტაურის მოთხრობის „ სამაგიერო“ მიხედვით ) 

                                        

   19 დეკემბერი , პარასკევი, 2025 წელი

  ახალი სკოლა.  

    პირველად გადმოვედი სხვა სკოლაში, დღეს პირველი დღეა.  ცოტას ვღელავ, უცნაური განცდაა,  არავის იცნობ,  თანაც ვგრძნობ დიდად არავის მოვწონვარ. კარგად ვუკრავ ფორტეპიანოზე, გოგონებთან ვმეგობრობ, ამის გამოც ვეჯავრები მათ, ეტყობა შურთ ჩემი. 


  8 იანვარი, სამშაბათი, 2026 წელი

 მგზავრობა. 

   ზამთრის არდადეგების დასრულებამდე ერთი კვირა რჩება. დღეს უკვე ბაკურიანის ბანაკში მივემგზავრები ახალ კლასელებთან ერთად. ავტობუსში ისევ ცუდად მექცევიან, ხან ფოტოაპარატს მიმალავენ, ხან სკამის ქვეშ ნაგავს მიყრიან, ხანაც მპასტავენ. გული მწყდება, მაგრამ ვცდილობ არ ვიჩხუბო და ყურადღებას არ ვაქცევ, მინდა კონფლიქტი თავიდან ავირიდო, იმედია მიხვდებიან, ცუდი ადამიანი არ ვარ.  


11 იანვარი, პარასკევი, 2026 წელი

შეჯიბრის დღე. 

   დღეს მნიშვნელოვანი დღეა, თხილამურებით სრიალში შეჯიბრი იმართება, სანერვიულო არ მაქვს, შესანიშნავად ვსრიალებ. დროშა დაუშვეს და შეჯიბრიც დაიწყო. ყველა ჩამოვიტოვე, პირველი ვიყავი, ცოტა დამრჩა ფინიშის ხაზამდე. უცებ დავინახე ჩემი კლასელი, რომელიც ბილიკიდან გადავიდა და თოვლში ჩაეფლო. პირველი ადგილი და ჯილდო სულ გადამავიწყდა, ახლა მას სჭირდებოდა დახმარება. მეც წამოვაყენე და ფინიშის ხაზამდე მისვლაში დავეხმარე, ფეხი ეღრძო, სხვა მეგობრებს ყურადღება არც კი მიუქცევიათ, ჩაუქროლეს. ეს როგორი მეგობრობაა. ჩემმა კლასელმა ინანა თავისი საქციელი, აღმოჩნდა რომ სულ ტყუილად ვეჯავრებოდი. ბაკურიანში ორივემ შევიძინეთ ნამდვილი მეგობარი. 




            ელიზბარ მინდელი       

უცნაური ამბავი


    ერთ სოფელში ცხოვრობდა უცნაური ბებო, რომელიც ყველას ჭკუას არიგებდა. მას სულაც არ ეხებოდა, მაგრამ მაინც ვერ ითმენდა, ლაპარაკობდა და ლაპარაკობდა,ისე კეთილშობილებით მოსდიოდა, ყველასთვის კარგი უნდოდა. ხომ იცით ბავშვებს სულაც არ უყვართ ჭკუის სწავლება, ერთხელაც გაბრაზდნენ და გადაწყვიტეს ბებოსთვის ხრიკი მოეწყოთ. კიბის საფეხურები გახერხეს, ბებომაც ფეხი დადგა და ჩაუტყდა. არ ინერვიულოთ, არაფერი დაუშავებია, უბრალოდ ცოტა ხნით დაკარგა გონება და აღმოჩნდა უჩინმაჩინების ქალაქში. ქალაქი უზარმაზარი იყო, ძალიან ლამაზი, სადაც არ უნდა შესულიყავით, ყველაფერი კრიალებდა. თქვენ წარმოიდგინეთ ამ ქალაქში ბებია მერმაც კი მიიპატიჟა და საპატიო სტუმარს ქალაქის კუნჭულიც კი დაათვალიერებინა. ბებომ აქ მოხვედრის ამბავიც მერისგან გაიგო, კი გაბრაზდა, მაგრამ რას იზამდა. რომ მოსაღამოვდა დასაძინებლად დაწვა, თვალები რომ გაახილა უკვე სახლში იყო. გაღიმებულმა ბავშვებს უთხრა: თქვენი ხუმრობა ნამდვილად ცუდი იყო, მაგრამ თქვენი წყალობით გასაოცარი ქალაქი ვნახე,  ძილის წინ მოგიყვებით იქაურ ამბებსო.                                                                                                                  

                                  



                                                                                     

ალექსანდრე ბაზღაძე

14.11.2025 პარასკევი

    პარასკევი დღეა, ახალ ფილმს ვასრულებთ, რომელსაც „ კლასის წინ“ ჰქვია. ფილმი ერთ ბავშვზეა, რომელსაც ტურეტის სინდრომი აქვს. ეს დაავადება გაი...